English / ქართული / русский /
ლინა დათუნაშვილი
სასურსათო უსაფრთხოება და საქართველოს სოფლის მეურნეობა

ანოტაცია. ნაშრომში გაშუქებულია ტერმინი„სასურსათო უსაფრთხოება“ და მისი წარმოშობის ისტორია. განხილულია იმ ძირითადი მიმართულებების მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სასურსათო უსაფრთხოება. ნაჩვენებია რიგი მიზეზის გავლენა მასზე. მიმოხილულია 2016-2019 წლებში საქართველოს ეროვნული მეურნეობის ერთ-ერთი ძირითადი დარგის - სოფლის მეურნეობის რეალური მდგომარეობა და მისი როლი სასურსათო უსაფრთხოების შერბილებაში. ნაჩვენებია ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების ნათესი ფართობისა და პროდუქციის, ასევე მეცხოველეობის ცალკეულ ქვედარგებში წარმოებული პროდუქციის შემცირების გამო დარგის ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესება და სასურსათო უსაფრთხოების დაბალი დონე. უმეტესი სახეობის სურსათზე მოსახლეობის თვითუზრუნველყოფის დაბალი კოეფიციენტი და მისი შემცირების ტენდენცია. 

* * * 

ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების ამაღლებაში განსაკუთრებული როლი ენიჭება მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ქრონოლოგიურად თუ გავყვებით, ტერმინი „სასურსათო უსაფრთხოება“ პირველად გასული საუკუნის 70-იან წლებში შემოვიდა ხმარებაში. დღეისათვის ამ ტერმინის განმარტების სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. სასურსათო უსაფრთხოების პირველი განმარტება 1974 წელს მსოფლიო სასურსათო სამიტზე იქნა შემუშავებული და ასე იყო ფორმულირებული:  „სასურსათო უსაფრთხოება მიღწეულია მაშინ, როდესაც მუდმივად არსებობს საბაზისო სურსათის საკმარისი ხელმისაწვდომობა, რაც უწყვეტ მოხმარებას უზრუნველყოფს და წარმოებისა და ფასების დაბალანსებას უწყობს ხელს“. მსოფლიო სასურსათო სამიტმა 1996 წელს ცვლილებები შეიტანა არსებულ განმარტებაში, რომელმაც მიიღო ასეთი სახე: „სასურსათო უსაფრთხოება დაცულია მაშინ, როდესაც ჯანსაღი და სრულფასოვანი სურსათი ყველასთვის საკმარისი და ხელმისაწვდომია არა მარტო ფიზიკურად, არამედ ეკონომიკურადაც. ასეთ შემთხვევაში იგი უნდა აკმაყოფილებდეს დიეტურ საჭიროებებს და ასევე ქმნიდეს შესაძლებლობას, რომ საზოგადოებამ უპირატესობა მიანიჭოს იმ საკვებს, რომელიც ხელს უწყობს აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესს“. მოყვანილი ორივე განმარტება ხაზს უსვამს იმას, თუ როდის არის სასურსათო უსაფრთხოება დაცული და მიღწეული. დღეისათვის სასურსათო უსაფრთხოებას ასე განმარტავს გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO): „სასურსათო უსაფრთხოება არის ყველა ადამიანის ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწვდომობა აქტიური და ჯანმრთელი ცხოვრების შენარჩუნებისათვის საჭირო რაოდენობისა და კვებითი ღირებულების მქონე უვნებელ სურსათზე“.

სასურსათო უსაფრთხოება  FAO-ს განმარტებით უნდა აკმაყოფილებდეს ისეთი ძირითადი მიმართულების მოთხოვნებს, როგორიც არის: სურსათზე ხელმისაწვდომობა, სურსათზე როგორც ეკონომიკური, ისე ფიზიკური წვდომა, სურსათის მოხმარება და სურსათის მოხმარების სტიმულირება. ვნახოთ როდის არის თითოეული ამ მიმართულების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა. 1. საკვებზე ხელმისაწვდომობა მიღწეული იქნება მაშინ, თუ ადგილობრივი წარმოების ან იმპორტის მეშვეობით ქვეყანაში იქნება ყველასთვის საკმარისი რაოდენობით ჯანსაღი და სრულფასოვანი სურსათი; 2. სურსათზე როგორც ფიზიკური, ისე ეკონომიკური წვდომა მიღწეული იქნება მაშინ, როდესაც ადამიანებს ექნებათ ისეთი საკვების შეძენისა და მიღების შესაძლებლობა, რომელიც აკმაყოფილებს დაბალანსებული კვების მოთხოვნებს; 3. სურსათის მოხმარება ზომავს ადამიანის მიერ მიღებულ საკვებში როგორია ენერგეტიკული და საკვები ნივთიერებების დონე, რამდენად ჯანსაღია საკვები, როგორ მზადდება და რამდენად მრავალფეროვანია იგი; 4. სურსათის მოხმარების სტიმულირება ამოწმებს დანარჩენი სამი მიმართულების სტაბილურობას დროთა განმავლობაში, რადგან ადამიანს დღეს შეიძლება ჰქონდეს საკმარისი საკვები, მაგრამ სტაბილური წვდომა არ ჰქონდეს საკვებზე. თუ დაცულია ყველა ეს მოთხოვნა, მაშინ სასურსათო უსაფრთხოება გარანტირებულია, თუ არა და საზოგადოების თითოეული წევრი ან მთლიანად ქვეყანა შეიძლება სასურსათო რისკის წინაშე დადგეს.

გაუარესებული კლიმატური პირობები, კლიმატის გლობალური ცვლილება - დათბობა და მისი თანმდევი შედეგები: გვალვა, წყალდიდობები და სხვა, პოლიტიკური არასტაბილურობა და რიგი ეკონომიკური ფაქტორი, როგორიცაა სურსათზე ფასების ზრდა და უმუშევრობა ნეგატიურად აისახება სასურსათო უსაფრთხოებაზე.

გლობალური დათბობისგან გამოწვეული გვალვის შედეგად მნიშვნელოვანად ნადგურდება ერთწლიანი კულტურების (ხორბალი, სიმინდი, ქერი, ბრინჯი და სხვა) ნათესები, რაც იწვევს ამ კულტურების მოსავლიანობის და შესაბამისად მოსავლის შემცირებას. აღნიშნული მოვლენა რისკის ქვეშ აყენებს სასურსათო უსაფრთხოებას.

სურსათზე ფასების ზრდა გარკვეულ ცვლილებას იწვევს როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაზე. განვითარებულ ქვეყნებში სურსათის გაძვირება იწვევს მოსახლეობის ცხოვრების დონის და ხარისხის დაქვეითებას; - განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის ფართო ფენების ყოველდღიური კვების პროდუქტების დეფიციტს და ხელმიუწვდომლობას. აღნიშნულ შედეგად მოჰყვება მასშტაბური სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური რყევები, რაც სხვადასხვა სახით ვლინდება. მაგ., 2007-2008 წლებში მსოფლიოში სურსათზე ფასები გაიზარდა, რაც რიგმა მიზეზმა განაპირობა. ესენია: სტრატეგიული სასურსათო რეზერვის შემცირება, ენერგორესურსებსა და მინერალურ სასუქებზე ფასების ზრდა, ზოგიერთი აგრარული ქვეყნის მიერ მონოკულტურების ფართოდ დანერგვის მცდელობა და სხვა, რასაც დაემატა 2010 წლის გვალვის შედეგად მარცვლეული კულტურების მოუსავლიანი პერიოდი. სურსათზე ფასების ზრდას ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ შეამცირა ან აკრძალა ძირითადი მარცვლეული კულტურების ექსპორტი.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, განხილულმა მიზეზებმა გამოიწვია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში რიგი უწესრიგობა, რევოლუცია და სამოქალაქო ომი, რომელიც „არაბული გაზაფხული“-ს სახელით არის ცნობილი. ამ ვითარების გამო ევროპის ქვეყნებს ლტოლვილების არნახული რაოდენობა მიაწყდა, რომლებსაც თავშესაფარი და სამუშაო სჭირდებოდათ და რამაც მნიშვნელოვნად გაამწვავა ამ ქვეყნებში უმუშევრობის პრობლემა.

აღნიშნული მიზეზები, ყველა ერთად ან თითოეული ცალ-ცალკე, უარყოფითად მოქმედებს სასურსათო უსაფრთხოებაზე.

ცალკეული ქვეყნის მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეროვნული მეურნეობის ერთ-ერთი ძირითადი დარგის - სოფლის მეურნეობის განვითარება, რომლის მთავარი ამოცანაა სამედიცინო ნორმით გათვალისწინებული ხარისხიანი მცენარეული და ცხოველური წარმოშობის სრულფასოვანი საკვები პროდუქტებით ქვეყნის მოსახლეობის უზრუნველყოფა, ხოლო მეორის - სოციალური მნიშვნელობის ასეთი ამოცანის გადაწყვეტა ობიექტურად მოითხოვს როგორც სოფლის მეურნეობის, ისე ქვეყნის მთლიანი აგროსამრეწველო კომპლექსის მდგრად განვითარებას, რაც პირდაპირ უკავშირდება ამ დარგში წარმოებული პროდუქციის მოცულობის გადიდებას - მემცენარეობის კულტურების მოსავლიანობისა და მეცხოველეობის პროდუქტიულობის ამაღლებას, ასევე მათი ხარისხობრივი მაჩვენებლის გაუმჯობესებას.

ამ პრობლემის განსახორციელებლად საჭიროა სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და სატყეო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, სასოფლო დასახლებებში მოსახლეობის ცხოვრების დონის გამუჯობესება, სოფლად ეკონომიკის განვითარება და სხვა, რომელთა რეალიზაციაში მნიშნელოვანია ცალკეული ქვეყნის მთავრობის მხარდაჭერა აგრარული პოლიტიკისადმი, რომელთა ძირითადი მიზანი, ზემოთ აღნიშნულთან ერთად უნდა იყოს: აგრარული სფეროს განვითარება, სოფლად მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესება, მათი ხელმისაწვდომი სურსათით უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება, სოფლის მეურნეობაში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის წახალისება, რაც უნდა განახორციელონ სოფლად მცხოვრებმა ფერმერებმა, რომელთაც ძირითადი ადგილი და როლი უკავიათ სასოფლო-სამეურნეო სფეროს განვითარებაში.

ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის დახმარება სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად ხორციელდება. მაგ., განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებში სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას ახდენენ არა უშუალოდ წარმოებაში, არამედ ფინანსური დახმარება გარემოსდაცვითი და საინოვაციო ღონისძიებების დაფინანსებაში გამოიხატება. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმატებით განსახორციელებლად საჭიროა სხვადასხვა მომსახურების გაწევა, ამიტომ ამ ქვეყნებში დიდი ყურადღება ექცევა ინფრასტრუქტურისა და გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარებას. სახელმწიფო აფინანსებს დარგის განვითარებისთვის აუცილებელ კვლევებს და კველვით დაწესებულებებში დასაქმებულ მეცნიერებს. მთელი ეს პროცესი მართვიდან დაწყებული, წარმოებით დამთავრებული, ცოდნაზე დამყარებული მეცნიერული კვლევების საფუძველზე ხორციელდება.

დღეისათვის მსოფლიოს ქვეყნების მოსახლეობა დგას სურსათის უკამრისობის პირისპირ, რომლის მიზიზები გლობალურია და გამოწვეულია სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის შეზღუდულობისა და სუფთა წყლის რესურსების შემცირების, კლიმატის ცვლილებების, ბუნებრივი რესურსების გამოფიტვის, ფინანსური არამდგრადობის და სხვა პრობლემების გამო. აღნიშნული მიზეზების შერბილების მიზნით აუცილებელია სურსათის იმპორტისაგან ამ ქვეყნების დამოკიდებულების შემცირება და მსოფლიო სასურსათო ბაზარზე მათი ეკონომიკური მდგომარეობის განმტკიცება.

მაშინ, როდესაც მსოფლიოში დაახლოებით ერთ მილიარდამდე ადამიანი შიმშილობს, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სოფლის მეურნეობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მარცვლეული და პარკოსანი კულტურების მოსავლიანობის ზრდა და ხარისხის გაუმჯობესება, რისი მიღწევის ერთ-ერთ საშუალებას დარგის კომპლექსური მექანიზაცია და ავტომატიცაზია წარმოადგენს. მათ ეფექტურ გამოყენებაზე დამოკიდებულია მრავალი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს და ფერმერული მეურნეობის ხარისხიანი ფუნქციონირება და სასურსათო პროდუქციის რაოდენობის ზრდა. თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური მიღწევების რეალიზაცია დღეისათვის კიდევ უფრო აუცილებლია, რათა არსებული სასურსათო პრობლემების შერბილება ინოვაციური მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობის მეშვეობით შევძლოთ.

ბოლო წლებში სურსათის უკმარისობის გამომწვევ ჩვენ მიერ განხილულ მიზეზებს დაემატა ღორისა და ქათმის გრიპი, ხოლო 2020 წლის დასაწყისში კორონავირუსის ეპიდემია, რომელმაც მსოფლიოს უმრავლესი ქვეყანა მოიცვა და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

სოფლის მეურნეობა მაღალი რისკის მქონე დარგია, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ. მიმდინარე პერიოდში ამ სფეროში ძირითად რისკს გლობალურად წარმოადგენს დარგში წარმოებულ პროდუქციაზე საერთაშორისო ვაჭრობის შეზღუდვა, რაც შემოიღო ზოგიერთი ქვეყნის მთავრობამ კორონავირუსის პანდემიის გამო და რომელმაც გამოიწვია საგარეო და საშინაო ბაზარზე ლოგისტიკის ჯაჭვის ჩამოშლა, ასევე სოფლის მეურნეობაში სამუშაო ძალის მობილურობის შეზღუდვა ქვეყნის შიგნით და მის გარეთ, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მიღებულ საკარანტინო ზომებზე.

კოვიდპანდემიის გავრცელების შესამცირებლად ბოლო პერიოდში რიგი ქვეყნის მთავრობების მიერ საზღვრების ჩაკეტვამ ხელი შეუწყო მსოფლიოში გლობალიზაციის პროცესის შესუსტებას და დეგლობალიზაციის პროცესის გააქტიურებას. ამ ფაქტთან დაკავშირებით აკადემიკოსი ვლ. პაპავა აღნიშნავს, რომ სწორედ დეგლობალიზაციის პირობებშია ახლებურად გასააზრებელი რიგი პრობლემების გადაწყვეტა, განსაკუთრებით კი სასურსათო უსაფრთხოება, რომლის სიმწვავეს ხაზს უსვამს თუნდაც რუსეთის გადაწყვეტილება, შეეჩერებინა ხორბლის ექსპორტი, რაც საერთაშორისო ბაზრებზე მასზე ფასების ზრდას გამოიწვევს, ასევე სხვა ქვეყნების მხრიდანაც სასურსათო პროდუქტების ექსპორტის შემცირება მძიმედ აისახება იმ ქვეყნებზე, რომლებიც დამოკიდებული არიან ამ პროდუქტების იმპორტზე. მათ რიცხვს განეკუთვნება საქართველოც.

საქართველოს სოფლის მეურნეობა გლობალურად მსოფლიო აგრარული სფეროს შემადგენელი ნაწილია, რომლის განვითარების დონეზე დამოკიდებულია ქვეყნის მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ვნახოთ, რა შესაძლებლობები გააჩნია ამ მიმართულებით აღნიშნულ სექტორს საქართველოში.

ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2019 წელს გამოქვეყნებული სოფლის მეურნეობის სტატისტიკური პუბლიკაციის მიხედვით, 2006-2015 წლების გამოკვლევების შერჩევის ბაზის ძირითად წყაროს წარმოადგენდა 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერა. 2016 წლიდან გამოკვლევის შერჩევის ბაზა განახლდა და დაეფუძნა 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერას, ამასთან გამოკვლევის შერჩევის ზომა 5 ათასიდან 12 ათას მეურნეობამდე გაიზარდა და უფრო მრავალფეროვანი გახდა. ამ ცვლილებებით 2016 წლიდან მონაცემები შესადარი არ იყო წინა წლების მონაცემებთან, რის გამოც განხორციელდა 2014-2015 წლების მონაცემების გადაანგარიშება. ამიტომ ჩვენს მიერ ჩატარებული კველვა მოიცავს საქართველოს სოფლის მეურნეობის ბოლო ოთხი წლის მასალის ანალიზს - 2016-2019 წლებს.

აღნიშნულ პერიოდში საქართველოში სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობა 28,0 ათასი კაცით (1577,1-დან 1539,1-მდე) შემცირდა. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულია მოსახლეობის 5-7 პროცენტი, საქართველოში ამ დარგში დასაქმებულია მოსახლეობის დაახლოებით 40%.  სოფლის მოსახლეობის რაოდენობის შემცირება, სხვა მიზეზებთან ერთად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავების რაოდნობრივ მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში 37,8 ათასი ჰა-ით შემცირდა ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობი, მათ შორის (ათასი ჰა) : ხორბლის 6,5; სიმინდის - 20,8; ლობიოს - 0,5; მზესუმზირის - 1,1; კარტოფილის - 3,8; ბოსტნეულის - 2,8; ბაღჩეულის - 0,3 და მრავალწლიანი ბალახების - 2,0.

ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობის შემცირება უარყოფითად აისახა ამ კულტურების წარმოებაზე. მნიშვნელოვნად იკლო აღნიშნული კულტურების წარმოებამ (ათასი ტ): ხორბლის - 26,0; სიმინდის - 36,6; მზესუმზირის - 0,6; კარტოფილის - 54,3; მრავალწლიანი ბალახების - 3,5; გაიზარდა ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების წარმოება შესაბამისად 19,4 და 7,1 ათასი ტ-ით, რაც გამოიწვია კომბოსტოს - 9,5; პომიდვრის - 8,5; კიტრის - 11,7; ჭარხლის - 1,9 და საზამთროს წარმოების გადიდებამ 7,6 ათასი ტ-ით.

2016-2019 წლებში მრავალწლოვანი კულტურებიდან ხილის (თესლოვანი, კურკოვანი, კაკლოვანი და კენკროვანი) წარმოება 42,0 ათასი ტ-ით შემცირდა. ასევე შემცირება დაფიქსირდა (ათასი ტ-ით) ჩაისა - 1,0 და ციტრუსის - 1,5 - წარმოებაში. გაიზარდა სუბტროპიკული ხილის წარმოება 4,5 ათასი ტ-ით და ყურძნის - 134,6 ათასი ტ-ით.

საანალიზო პერიოდში შემცირდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა (ათასი სულით) – 93,2; ცხვრის - 34,0; თხის - 10,9; ხოლო ზრდა დაფიქსირდა ღორის - 19,2; ფრინველის 1228,6 (ათასი ფრთა) და ფუტკრის ოჯახის რაოდენობაში - 52,0 (ათასი სკა).

მემცენარეობის კულტურების ნათესი ფართობისა და წარმოების, ასევე მეცხოველეობის ზოგიერთი ქვედარგის: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის, ცხვრისა და თხის რაოდენობის შემცირებამ ნეგატიური გავლენა იქონია დარგის რიგ ეკონომიკურ მაჩვენებელზე, რაც გამოიხატა იმაში, რომ იკლო: მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურაში სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის ხვედრითმა წილმა 8,3%-დან 7,2%-მდე; სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავლების წილმა შინამეურნეობების ფულად შემოსავალში 6,4%-დან 5,5%-მდე; სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებულმა საშუალო თვიურმა შემოსავალმა ერთ შინამეურნეობაზე 63,0 ლარიდან 60,0 ლარამდე და გამოყენებული ყველა სახის მინერალური სასუქის რაოდენობამ 57,7 ათასი ტ-დან 42,5 ათას ტ-მდე.

აღნიშნულ პერიოდში გაიზარდა სასრუსათო პროდუქტების საშუალო წლიური ფასები (ლ/კგ): ძროხის, ღორისა და ქათმის ხორცზე შესაბამისად 4,16; 2,01 და 0,72. იმერულ ყველზე - 1,92; ბრინჯზე - 1,07; მაკარონზე - 0,44 და სხვა. შემცირდა ხორბლის, სიმინდისა და კარტოფილის ადგილობრივი წარმოება და ექსპორტი, შესაბამისად გაიზარდა ამ კულტურების იმპორტი. ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულისა და ყურძნის, ასევე მეცხოველეობის ცალკეული ქვედარგის ადგილობრივი პროდუქციის წარმოებაში.

ხორბლის ადგილობრივი წარმოების დაბალმა დონემ განაპირობა მასზე მოსახლეობის თვითუზრუნველყოფის დაბალი მაჩვენებელი, რომელმაც საანალიზო პერიოდში 19%-დან 15%-მდე იკლო. სიმინდზე ადგილობრივი წარმოების მაღალი ხვედრითი წილის გამო მოსახლეობის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი 2016 წელს 79%-ს შეადგენდა, ხოლო 2019 წელს 70%-მდე შემცირდა. კარტოფილით ქვეყნის მოსახლეობის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ადგილობრივი წარმოების მაღალი ხვედრითი წილის გამო აღნიშნულ პერიოდში ტოლი იყო 92 და 93 პროცენტის, ბოსტნეულით მოსახლეობის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ამავე პერიოდში 64%-დან 62%-მდე შემცირდა.

მეცხოველეობაში მაღალი იყო ცხვირს და თხის ხორცზე მოსახლეობის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი, რომელიც საანალიზო პერიოდში 100-დან 158 პროცენტამდე გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი ასევე მაღალი იყო რძეზე და რძის პროდუქტებზე და კვერცხზე, რომლებმაც შესაბამისად 82-81 და 100-96 პროცენტი შეადგინა. 2016-2019 წლებში მოსახლეობის თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ქვეყანაში მთლიანად წარმოებულ ხორცზე დაბალი იყო და 48-47 პროცენტი შეადგინა. მათ შორის ღორის ხორცზე 42 და 44 პროცენტი, ფრინველის ხორცზე 35 და 31 პროცენტი, ხოლო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე აღნიშნულმა მაჩვენებელმა 79 და 74 პროცენტი შეადგინა.

მოყვანილი მასალიდან ჩანს, რომ საანალიზო პერიოდში საქართველოს სოფლის მეურნეობის უმეტეს ქვედარგებში შემცირდა პროდუქციის წარმოება, რამაც განაპირობა მოსახლეობის სურსათით თვითუზრუნველყოფის არა მარტო დაბალი კოეფიციენტი, არამედ დაფიქსირდა ამ მაჩვენებლის შემცირების ტენდენცია, რაც ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს.

ბოლო პერიოდში სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეიმჩნევა რიგი ნეგატიური ტენდენცია, ასევე რისკფაქტორები, რომლებიც გლობალურად მოქმედებს დარგის რეალურ მდგომარეობაზე და მის შემდგომ განვითარებაზე.

აგრარულ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს სასურსათო პროდუქტების უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად სჭირდებათ ცოდნა, განათლება და გამოცდილება, ანუ დარგს ესაჭიროება პროფესიონალი კადრები. შეინიშნება ის ფაქტი, რომ სტუდენტები, რომლებიც ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებელს სოფლის მეურნეობის განხრით, ნაკლებად ცდილობენ იმუშაონ ამ სფეროში თავიანთი სპეციალობით, ამიტომ სოფლად კვალიფიციური კადრების დეფიციტია. სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს სხვადასხვა სახის სოციალურ დახმარებას და ცდილობენ გაექცნენ მძიმე ფიზიკურ შრომას, რაც დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულების თოხითა და ბარით დამუშავებასთან, რადგან ამ ფართობების უმეტესობის დამუშავება მექანიზაციის საშუალებებით ვერ ხერხდება რელიეფური პირობებისა და ფართობის სიმცირის გამო. აღნიშნულის გამო ახალგაზრდები ან მიდიან სოფლიდან ქალაქში, ან სვამენ ალკოჰოლურ სასმელს, ხოლო სოფლად ძირითადად დასაქმებული არიან ხანში შესული ადამიანები.

ამ სფეროში ერთ-ერთ სუსტ ადგილს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადაზიდვისა და შენახვის მიმართულებით არსებული ინფრასტრუქტურა, ასევე ერთ რაიონში განთავსებული ერთი საწარმოო პროფილის მქონე სხვადასხვა მეურნეობებს შორის ეკონომიკური ინტეგრაციის დაბალი დონე. ასეთი ინტეგრაციის მიზანია ძვირად ღირებული საწარმოო საშუალებების ერთად შეძენის შესაძლებლობა, რაც ცალკეულ საწარმოს ან მეურნეობას ნაკლებად შეუძლია განახორციელოს.

საქართველო საკვები პროდუქტების წმინდა იმპორტიორია, ამიტომ მიწოდების ჯაჭვში გაჩენილი ყველა შეფერხება ზრდის სურსათის ფასებს, რასაც ემატება ლარის გაუფასურება აშშ დოლართან მიმართებაში.

ნაშრომში მოყვანილი ფაქტები და განხილული მიზეზები მნიშვნელოვნად აფერხებს მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფას, ამიტომ ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების შერბილებისა და სოფლის მეურნეობის შემდგომი განვითარების მიზნით მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გაუმჯობესდეს:

- სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავების პროცესში ქალი ფერმერებისა და ახალგაზრდების მონაწილეობა მათი ინტერესების გათვალისწინებით.

- სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებისთვის ბიზნესის დასაწყებად გრძელვადიან იაფ კრედიტზე ხელმისაწვდომობა;

- მიწათმოქმედებაში დასაქმებულ მეწარმეთა რისკის დაზღვევის მექანიზმი;

- სოფლის მეურნეობაში წარმოებული პროდუქტების შესყიდვის სისტემა და მასში ადგილობრივი მცირე და საშუალო მეწარმეებისა და ფერმერების მონაწილეობის წახალისება და ხელშეწყობა;

- ამ სფეროში დასაქმებულ მეწარმეთა ბიზნესისა და კაპიტალის დაცვის საკანონმდებლო ბაზა. 

გამოყენებული ლიტერატურა 

1. დათუნაშვილი ლ. ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება სოფლის მეურნეობაში. თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული. ტ XI. თბილისი, 2018.                                

2. დათუნაშვილი ლ. ბიოტექნოლოგიები ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ- ერთი ფაქტორი. თსუ პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი. ინტერნეტ-კონფერენცია. თბილისი, 2018.

3. დათუნაშვილი ლ. ინოვაციების გავრცელების პრობლემები საქართველოს სოფლის მეურნეობაში (მემცენარეობა). თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული. ტ XII.  თბილისი, 2020.

4. http://www.bride.org.ge>პროექტები food-security  

5. http://www.report.ge>economics>sasursato-usafrthoebis..

6. http://www.iset-pi-ge>iset.economist-blog>entry>sa..

7. https://www.gfsis.org>blog>view 

8. http://www.parliament.ge>media>axali-ambebi>beg..

9. history.wikireading.ru>399348 

10. fishretail.ru>новости>…vsadnik-posleduet-bi-za…